საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან ორგანიზებულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად  მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით ვაშინგტონში გაიმართა. 

შეხვედრაზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რელიგიის თავისუფლების საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე. მან სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის რელიგიური აღმსარებლობის მიღებისა და ადგილზე მდებარე ქართულ ტაძრებში ღვთისმსახურების შეზღუდვის თაობაზე ეთნიკური ქართველებისთვის. მინისტრმა, შექმნილი ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას. 

დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს მონაწილეობა ამ მაღალი დონის შეხვედრაში ცხადყოფს საქარველო-აშშ-ს განსაკუთრებულ პარტნიორობას და ასევე,  რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესს, „ამ თემატიკის გარშემო აშშ-ს ინიციატივაში საქართველოს ჩართვა კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, რომ ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება. ბუნებრივია, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამოვიყენე იმისთვის, რომ დეტალურად მესაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე“ - განაცხადა მინისტრმა. სახელმწიფო მდივანის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაიკ პომპეომ და დავით ზალკალიანმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე.