საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტებზე ისაუბრა

19.10.2018 ქ.თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტულ როლს და აღნიშნა, რომ ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობა და კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ამ მხრივ მან წარმატებულ მაგალითად მოიყვანა  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად მრავალ ღონისძიებას ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ყურადღება გაამახვილა „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) “ინიციატივაზე და ხაზი გაუსვა ამ დოკუმენტის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის კონცეფციის შემუშავებასა და მის იმპემლემენტაციაში როგორც სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ბიზნეს წრეების აქტიურ ჩართულობას. საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის წარმატებული იმპლიმენტაციის პროცესს, აღინიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ზალკალინმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველო - ევროკავშირის მაღალი დონის ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც წელს პირველად, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითრებას ევროკავშირთან.

შეხვედრაზე ორგანიზაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საკითხზე. აღინიშნა, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, აქტიურად არიან ჩართულნი, რათა ცალკეულ ქვეყნებთან ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში, მოქალაქეების ლეგალური დასაქმება მოხდეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა დავით ზალკალიანთან. ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში.  უკვე ვხედავთ იმ ხელშესახებ შედეგებს, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. საქართველო განაგრძობს ევროპულ გზაზე სიარულს. თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება ის თუ რამდენად წარმატებულად განვითარდება ბიზნესი საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის ევროკავშირი -საქართველოს ბიზნეს -საბჭოს როლი ამ საკითხში და აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში. ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში სრულყოფილ ინტეგრაციას.“- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს -საბჭოს (EUGBC)  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კრის შლიტერმა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მომავალ წელს დაგეგმილია ბრიუსელში კონფერენციის ჩატარება, რაც ევროკავშირ-საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავებას მოემსახურება „დღევანდელ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებით და საინტერესოდ მიმდინარეობს. მომავალ წელს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დაგეგმილი აქვს ბრიუსელში ჩაატაროს კონფერენცია, რომელიც ბიზნესზე იქნება ორიენტირებული, მას ასევე ექნება პოლიტიკური დატვირთვა. გზავნილი უნდა იყოს ერთი, რომ საქართველო არის ნაწილი ევროპული განზომილების“-განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებთნ შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოში ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.