საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით

24.08.2018 - მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
 
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი  უზრუნველყოფილი იქნას  პირველადი  საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
 
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე რეგიონში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში.