საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის რესპუბლიკის და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

30.04.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მ.წ. 27 აპრილს, პანმუნჯეომში კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის გამართული სამიტის შედეგებს. 

საქართველო მხარს უჭერს დიალოგის და მოლაპარაკებების პროცესს და უკანასკნელ პერიოდში გამოჩენილ აქტიურ ძალისხმევას, რამაც მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის წინაპირობა შექმნა. მისასალმებელია ლიდერების მიერ ხელმოწერილი „პანმუნჯეომის დეკლარაცია“ რომელიც ემსახურება როგორც ორი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების საერთო ამოცანას - უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფას.

ვიმედოვნებთ, რომ 27 აპრილის შეხვედრაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები მყარ საფუძველს შექმნის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც კორეის ნახევარკუნძულის და რეგიონის სტაბილურობას, ასევე კორეელი ხალხის კეთილდღეობას.