საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ქ. ფხენიანში გამართული სამიტის შედეგებთან დაკავშირებით

21.09.2018 -  საქართველო ყურადღებით აკვირდება კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე პროცესებს და მიესალმება კონსტრუქციული დიალოგის მიმდინარეობას, რომელიც რეგიონის სრულ დენუკლიარიზაციას ისახავს მიზნად.
 

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კორეის რესპუბლიკისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც გაიმართა 2018 წლის 18-20 სექტემბერს ქ. ფხენიანში.
 
საქართველო მხარს უჭერს ყველა პრობლემური საკითხის დიპლომატიური მეთოდით გადაწყვეტას და გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ უმაღლეს დონეზე გამართული დიალოგი ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას და ეკონომიკურ განვითარებას.