საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ვენესუელაში ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ვენესუელაში 15 ოქტომბერს ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებთან დაკავშირებით. ვენესუელის მთავრობამ ვერ უზრუნველყო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება.

ამასთან, მიუკერძოებელ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ მიეცათ საარჩევნო პროცესის მონიტორინგის საშუალება. აღნიშნული არჩევნების არადემოკრატიულ გარემოში ჩატარება წარმოადგენს კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, რამეთუ არ არის უზრუნველყოფილი თითოეული მოქალაქის ხმისა და სხვა ძირითადი უფლებების დაცვა.
 
საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და უზრუნველყოს განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ამავდროულად, საქართველოს საგარეო უწყება მიესალმება ვენესუელელი ხალხის მისწრაფებას, განეხორციელებინათ ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება.