საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით

16.03.2018 ქ. თბილისი - ​ოთხი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.