საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

6.03.2019 - საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეხვედრას ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან, ანატოლი ბიბილოვთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას მოსკოვის მხრიდან.
 
რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით კვლავაც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო პოლიტიკას. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.
 
მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
 
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.