საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27.11.2018 ქ.თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორის, არჩილ ყარაულაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების საკითხებზე.
 
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისათვის ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებზე ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) სპეციალური მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა პრეზენტაციები ევროკავშირის დახმარების საფინანსო შეთანხმებებში გათვალისწინებული ინდიკატორების განსაზღვრისა და მათი შესრულების შეფასების მეთოდოლოგიის, ამ მიმართულებით არსებული სიახლეებისა და საბიუჯეტო დახმარების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და კომუნიკაციის თემატიკაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე, პოლიტიკის დაგეგმვისა და მონიტორინგის კუთხით საქართველოში მოქმედი სისტემა. 
 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.