საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

22.05.2017, თბილისი - 23 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 24 აპრილს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი.

ღონისძიებას  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გახსნის. იგი ისაუბრებს ლევან მიქელაძის განსაკუთრებულ ღვაწლზე სამშობლოს წინაშე და დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მიღწევებზე.

ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი, მაია ყიფშიძე, სასწავლო ცენტრის 5 წლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სადაც იგი დეტალურად ისაუბრებს ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის“ სასერტიფიკატო გამოცდა საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სერტიფიკატები.

ასევე გაიმართება ფილმის ჩვენება ლევან მიქელაძის შესახებ, სადაც უცხოელი კოლეგები გაიხსენებენ მის საქმიანობას.

ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც დიპლომატიური კორპუსის, საჯარო სექტორისა და ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები.