საგარეო საქმეთა სამინისტროში მსხვილ ჩინურ სამშენებლო კომპანიასთან შეხვედრა გაიმართა

20.09.2018 .თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მსხვილი ჩინური სამშენებლო კომპანიის „China Construction Seventh Engineering Division Corp“-ის მმართველის მოადგილესთან სიენგ სიანგრონგთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელების და ცენტრის კლასტერული გაფართოების შესაძლებლობის დადგენა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ხსენებულ ლოგისტიკურ ცენტრში და ზოგადად ქვეყანაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო, საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ინვესტორებისთვის შექმნილ შეღავათებსა და ხელშეწყობის მექანიზმებს. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეფორმების შედეგად მიღწეულ შედეგებზე, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე  რეგიონის და საქართველოს პარტნიორ სხვა ქვეყნებთან.    

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს. კომპანიის ხელმძრვანელობის მხრიდან გამოითქვა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და საწარმოს შექმნის მაღალი დაინტერესება.

 საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე  ხვთისიაშვილმა და აზისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორმა დავით  კერესელიძემ.