საგარეო საქმეთა სამინისტროში საგრანტო პროგრამის - ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა’’ საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

30.09.2019 ქ. თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას ხელმძღვანელობით გაიმართა საგრანტო პროგრამის - დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა. 
სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს და შეაჯამეს ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოხდება საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოსული თითოეული პროექტის შეფასება. აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სამინისტროში მსოფლიოს 23 ქვეყნიდან 144 განაცხადი შემოვიდა.

აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამის გზით ხორციელდება დიასპორის წარმომადგენელთა იდეების რელიზაციის ხელშეწყობა, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის დიასპორულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას.

საგრანტო პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

საგრანტო პროგრამის თანხის საერთო ოდენობა 500000 ლარს შეადგენს, ხოლო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარისა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებული საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე წევრებს ეთხოვათ წარმოადგინონ მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების სია. მომდევნო სხდომა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს გაიმართება. აღსანიშავია, რომ პროგრამა „დიაპორული ინიციატივბის ხელშეწყობა“ საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა.