საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

23.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდნენ  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები კი ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მარგოტ ელისი იყვნენ.
შეხვედრაში ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობას იღებდნენ აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის  წარმომადგენლები.
 
 შეხვედრისას, ვრცლად მიმოიხილეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი, მათ შორის, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებს.
 
„მთლიანობაში შეხვედრა იყო ძალზედ პოზიტიური და ნაყოფიერი. გვქონდა გულწრფელი აზრთა ურთიერთგაცვლა დემოკრატიისა და მმართველობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.

აშშ-ს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება რჩება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად და აშშ გააგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით ფინანსურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ხსენებული ახლო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემაჯამებელ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს  საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და  უპირობო მხარდაჭერისათვის.
 
მხარეები განიხილავენ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. შეხვედრის მონაწილეები ისაუბრებენ აგრეთვე საკონსტიტუციო რეფორმებსა და საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე.


საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ერთობლივი განცხადება

Joint Statement of the U.S.-Georgia Strategic Partnership Commission Working Group on
Democracy and Governance