საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა

05.06.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიის და ინსტრუმენტების განყოფილების ხელმძღვანელი ანნა სტრზასკა.

მეორე თემატური ჯგუფი აერთიანებს სამრეწველო პოლიტიკის, სამთო-მოპოვებითი საქმიანობის, ტურიზმის, კორპორაციული სამართალის და კორპორაციული მმართველობი, მომხმარებელთა პოლიტიკის და  საგადასახადო პოლიტიკის საკითხებს. რიგით მეოთხე სხდომაზე  განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ზემოთ აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს პროგრესი.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა აღნიშნული თემატური ჯგუფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სააგენტო „აწარმოე საქართველოს“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, აუდიტის  სამსახურის და წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა და ასევე, ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა.