საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა

13.02.2020 ქ. თბილისი - 13.02.2020 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-6 თემატური ჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ რიგით მე-5 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპული სამეზობლო სტრატეგიის და ინსტრუმენტების სამსახურის ხელმძღვანელი ანნა სტრზასკა.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა მდგარდი განვითარების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საპენსიო სააგენტოს და ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა. 


სხდომაზე განხილულ იქნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, თანაბარი შესაძლებლობისა და ჯანდაცვის მიმართულებით  საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი. საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა აღნიშნული თემატური ჯგუფის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.