საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

24.04.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 24 აპრილს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.

კონსულტაციებს ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ფინეთის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი მაივო ჰენრიკსონი. პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა თემატური პანელების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური, ევროინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა და მეზობელი ქვეყნებისა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, თავდაცვის და  განათლებისა სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.
 
აღინიშნა ფინური ტურისტული კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი, რის გამოხატულებასაც მ/წლის 19-22 აპრილს ფინური ტურ-ოპერატორების   საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს.
 
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტოს დასწრების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სხვა უმაღლესი რანგის სტუმრებთან ერთად ფინეთის პირველი პირის ვიზიტი არა მხოლოდ პატივს მიაგებს საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს, არამედ უთუოდ ახალ სტიმულს შესძენს საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
 
ქართულ-ფინური მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობის კონტექსტში, აგრეთვე აღინიშნა საქართველოს მიერ ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტში -  „ფინეთის დროშა“ შეტანილი კონტრიბუცია, რისთვისაც ფინურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება.
 
კონსულტაციებისას ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინეთის დელეგაციას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტიური და ქმედითი მხარდაჭერისათვის, რისი დასტურიცაა ფინური მხარის ხელშეწყობით წლების განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე თვინინგისა და სხვა პროექტები.


ამის გარდა, ხაზი გაესვა მრავალმხრივ ფორმატებში ფინეთის მიერ თანმიმდევრულად გამოხატულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ამ კონტექსტში, ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარდგენილი რეზოლუციების მიმართ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, კერძოდ, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ სამომავლოდ ფინეთთან შესაძლებელი იქნება ეფექტიანი თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით. მაივო ჰენრიკსონმა აღნიშნა, რომ ფინეთი, მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ძალისხმევის შედეგია.
 
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე; ხაზი გაესვა ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
 
ფინელმა დიპლომატმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა ფინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
 
ვიზიტის ფარგლებში ფინეთის დელეგაციამ მოინახულა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.
 
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში მყოფი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები.