საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

21.02.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ლატვიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრეის პილდეგოვიჩსი. 

კონსულტაციების დროს კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის ურთიერთობები მაღალ ნიშნულზე იმყოფება და გამოითქვა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. შეხვედრის დასაწყისში ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოსათვის გაწეული დახმარებისთვის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერისათვის. მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, მათ შორის შეეხნენ ლატვიის პრეზიდენტისა და ნორდიკულ-ბალტიური ქვეყნების პარლამენტების სპიკერების დაგეგმილ ვიზიტებს. ქართული მხარე მიესალმა ლატვიის „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელებულ პროექტებს  და ლატვიის მხარის მონაწილეობას ევროკავშირის „თვინინგის“ პროექტებში.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება. ამ მხრივ, მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს, რომ მიმდინარე წლის მარტში, რიგაში შედგება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმების ორგანიზების კარგ ტრადიციას, რაც ხელს უწყობს ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შორის კავშირების გააქტიურებასა და განმტკიცებას. ამას გარდა, გამოიკვეთა, რომ ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გამოყენების კარგი შესაძლებლობები არსებობს, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში სხვადასხვა პროექტის  განხორციელების საშუალებით.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგში არსებულ საკითხებს. ანდრეის პილდეგოვიჩსმა განაცხადა, რომ ლატვია ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას და მიღებული გადაწყვეტილება არის საქართველოს წარმატებული მუშაობის დამსახურებული შედეგი. ვახტანგ მახარობლიშვილმა და ანდრეის პილდეგოვიჩსმა გაცვალეს თავიანთი მოსაზრებები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის შესახებ და ისაუბრეს მიმდინარე წლის ნოემბერში, ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. ამავე დროს, მნიშვნელოვნად შეფასდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებული მიმდინარეობა და შედეგად ქართული პროდუქციის გასვლა ევროპულ ბაზარზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ პრაქტიკულ და პოლიტიკურ ნაბიჯებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის, ხოლო ლატვიურმა მხარემ, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის.

ვახტანგ მახარობლიშვილმა თავის ლატვიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. განხილულ იქნა, აგრეთვე, რეგიონალური, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის, როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების საკითხები.