საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური სასწავლო კურსის - „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა

27.03.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურისტული გიდებისთვის შექმნილი სპეციალური სასწავლო კურსის „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტის გახსნის დღეს 27 მარტს, კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ბრეგვაძემ. 
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია იმ მდგომარეობის შესახებ რაც ქვეყანაშია, რაც ჩვენ ასევე დაგვეხმარება საგარეო პოლიტიკის კუთხით შესაბამისი წარმატების მიღწევაში“- აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
 
ინსტიტუტის მიერ მომზადებული სპეციალური კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:  საქართველოს საგარეო პოლიტიკის პიორიტეტები, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ორმხრივი ურთიერთობები უცხოეთის ქვეყნებთან და სამართლებრივი და საკონსულო საკითხები. 
 
სპეციალურ კურსს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში, 5 დღის მანძილზე გაუძღვებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარები.
 
აღსანიშნავია, რომ გადამზადების პროექტი გაგრძელდება და სპეციალური კურსი აჭარის ტურისტული გიდებისთვის აპრილის თვეში, ბათუმში გაიმართება.