საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის შეხვედრა გაიმართა

10.12.2019 ქ. თბილისი -  საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის შეხვედრა. ტაჯიკეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე,  ნოდირი შაჰნოზა.
 
შეხვედრა გაიმართა „ტაჯიკეთში სამოქალაქო რეესტრის სისტემის რეფორმის“ პროექტის ფარგლებში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებული საკოორდინაციო მექანიზმებისა და თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ელექტრონული სერვისების მიწოდების სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობის პირების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების თავისებურებები და სამინისტროებს შორის ურთიერთქმედების პრაქტიკული ასპექტები.
 
ნოდირი შაჰნოზამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის და  ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.