საგარეო საქმეთა სამინისტროში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური შეხვედრა გაიმართა

1.05.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისს (FCO) შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შუალედური რაუნდი გაიმართა, რომელიც, ტრადიციულად, მიზნად ისახავს წლის მთავარი, პლენარული სხდომისთვის მომზადებას.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გამო, რომელიც წარმატებით მოქმედებს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ განზომილებებში. ხაზი გაესვა დიალოგის პლატფორმის მნიშვნელობას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2018 წლის 8-9 ნოემბერს, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 რაუნდზე მიღწეული შედეგების იმპლემენტაციას.
დელეგაციებმა გაცვალეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით, მიმოიხილეს დიალოგის ოთხივე განზომილების  ფარგლებში არსებული მიმდინარე საკითხები.

შეხვედრის მონაწილეები შეჯერდნენ იმ საკვანძო თემებზე, რომლებიც 2019 წლის შემოდგომაზე, დიალოგის მე-6 რაუნდის დღის წესრიგში აისახება.