საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი მიმდინარეობს

31.05.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო გასაუბრების პროცესი იმ 104  კანდიდატთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წერითი გამოცდები ვაკანტური დიპლომატიური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსების მიზნით ცენტრალურ აპარატში გამოცხადებულ ღია კონკურსში.
 
საკონკურსო კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს. ამასთან, მინისტრი  სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობს გასაუბრების პროცესშიც. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულნი არიან სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
 
კომისიის წევრთა ინტერესის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ  კონკურსანტის ცოდნა და ასევე  ისეთი თვისებები, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება და საქმიანობისთვის საჭირო სხვა პროფესიული უნარები.
 
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების პროცესი 30 მაისს  დაიწყო და  ერთი კვირის განმავლობაში -  7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
აღსანიშნავია, რომ ღია კონკურსში მონაწილეობის მიზნით  განაცხადი გააკეთა 354-მა კონკურსანტმა. სამი წერითი გამოცდის (ინგლისური, მეორე (არჩევითი) უცხო ენა და ქართული)  შემდეგ, გასაუბრებას დაექვემდებარა  104  კანდიდატი.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსი 2019 წლის 4 მარტს გამოაცხადა.