საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

27.02.2019 თბილისისაქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ელჩებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირი/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების თაობაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად ახორციელებს.
 
აღნიშნული კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამასთან, გამოხატეს სურვილი თავად მიიღონ მონაწილეობა რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში არსებული უფლებებისა და მოვალეობის შესახებ.
 
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ.