საგარეო უწყებაში ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

3.05.2019 ქ. თბილისი- საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობს შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. კონსულტაციების პირველი დღე  დაეთმო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებულ ნაწილს, ხოლო მეორე დღე პოლიტიკურ ნაწილს. კონსულტაციების ფარგლებში, მხარეთა მიერ განხილულ იქნა მიმდინარე წლის იანვარში, ლონდონში კონსულტაციების პირველ რაუნდის შემდეგ დარჩენილი ღია საკითხები.

შეთანხმების მიზანია, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) შემდგომ, მოიცვას და ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში ჩაანაცვლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ამგვარად შექმნის სამართლებრივ ჩარჩოებს ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ამასთან იგი უზრუნველყოფს „საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) დარეგულირებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

მხარეთა მიზანია, შეთანხმების საბოლოო ტექსტი შეჯერდეს უმოკლეს ვადაში, რათა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომენტისთვის უკვე შექმნილი იყოს საფუძველი ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში გადასასვლელად და უწყვეტად შენარჩუნდეს არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.