საგარეო უწყების ხელმძღვანელი კანცლერ მერკელის ვიზიტის შემდეგ გერმანიის მხრიდან მეტ მხარდაჭერას ელოდება

24.08.2018 ქ. თბილისი- „ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლა საქართველოში იყო თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ გერმანია არის საქართველოს ურყევი მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკს,  ეს იყო კიდევ ერთი გზავნილი, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კანცლერმა მერკელმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე ეკონომიკური რეფორმების და განვითარების კუთხით და ვფიქრობ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც განხილული იყო შეხვედრების დროს, როგორც გერმანიასთან ორმხირვი ურთიერთობების საკითხი, ისე რეგიონალური გამოწვევების თემები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებები, დროის თვალსაზრისით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელის საქართველოს გააჩნია, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი“ -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც გერმანიის  ფედერალური რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა კანცლერ მერკელის მხრიდან ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მონახულება, რაც მისი შეფასებით გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის , კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი გზავნილია.  „კანცლერმა როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ ის მუდმივად საუბრობს ამის შესახებ ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა მომავალში გაგრძელდეს და აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“-აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის შედეგები, რომელიც ვიზიტის დროს გამოიკვეთა ეკონომიკური მიმართულებით. მან განსაკუთრებით გამოყო საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის საკითხზე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის გაფორმებული კონტრაქტი, რაც მინისტრის შეფასებით „გაამყარებს ქვეყნის მდგრადობას ენერგოუსაფრთხოების კუთხით“.  ზალკალიანის ინფორმაციით ვიზიტის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს,  „კერძოდ ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და იმ მნიშვნელოვანი გაზსადენების საქართველოს მიმართულებით მოზიდვის კუთხით,რომელიც იწყება თურქმენეთიდან, შემდეგ მოდის აზერბაიჯანისკენ და საქართველოს გავლით უნდა წავიდეს ევროპისკენ. გერმანია მხარს უჭერს ყველა ამ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს და მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“-განაცხადა მინისტრმა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ვიზიტის ფარგელბში გამართულ ბიზნესფორუმს და გერმანიასთან საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითრაების მიმართულებით გერმანული მხარის მიერ გამოხატულ მაღალ ინტერესს, „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ერთი წლის წინ დავიწყეთ პროფესიული განათლების გადამზადების კუთხით  გერმანიასთან თანამშრომლობის პროცესი, რაც გაცხადდა ამ ვიზიტის დროს, რომ რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც აპირებს, რომ პროფესიულად გადაამზადოს საქართველოს მოქალაქეები იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ მოხდეს მათი დროებითი დასაქმება გერმანიაში. ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი, რომელიც ამ ვიზიტს მოყვა და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალში აუცილებლად, კიდევ უფრო ინტენიურად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან’-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერმა საკუთარი თვალით იხილა ის წარმატებული პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს  და ქმნის იმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მივიღოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2018 წლის 23-24 აგვისტოს სტუმრობდა.