საჯარო ლექცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით

17.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.

დღეს 17 მაისს, 18:00 სთ-ზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემატიკაზე - „ორმხრივი ურთიერთობები 1918 – 1921 წლებში“, რომელსაც წაიკითხავს პროფესორი დოდო ჭუმბურიძე.

დოდო ჭუმბურიძე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია. ის გახლავთ 12 მონოგრაფიისა და 120-მდე სტატიის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო უწყების ორგანიზებით, აღნიშნულ თემატიკაზე ტარდება საჯარო ლექციები, ისტორიული ფოტო გამოფენები, ღია კარის დღეები და სტუდენტური შეჯიბრები.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.