სახელწიფო მდივანთან შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას - დავით ზალკალიანი

20.09.2018 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკლ პომპეოსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა, ისევე როგორც აშშ-ში განხორციელებული ვიზიტი იყო საკმაოდ დროული და შედეგიანი, რა დროსაც განხილული იყო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.

„სახელმწიფო მდივანთან იყო ძალიან შინაარსიანი შეხვედრა და დეტალური განხილვა, როგორც ორმხრივი ურთიერობების ასევე რეგიონში შექმნილი სიტუაციის, უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტი მთლიანობაში იყო ძალიან შედეგიანი და დროული, გამომდინარე მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან და იმ გლობალური პრობლემებიდან, რომლის მოგვარებაშიც აშშ დღეს არის ჩართული. ამ ფონზე, როდესაც ქართულ მხარესთან, პრემიერ-მინისტრის დონეზე იმართება ვიზიტი, სადაც განხილული არის ყველა ძირითადი მიმართულება და უმთავრესად კი საქართველოს როლი, თუ როგორია აშშ-ის ხედვა რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონალური გამოწვევების პროცესში, არის ძალიან მნიშვნელოვანი“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს, კიდევ ერთხელ მივიღეთ აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, აღინიშნა საქართველო-აშშ-ს წარმატებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე საუბარს „ყველა შეხვედრას გასდევდა თემად აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განხილვა. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს პოზიციებში სრული თანხვედრა. ვფიქრობ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ახალ დონეზე გადაიყვანს ჩვენს ურთიერთობებს“- განაცხადა მინისტრმა.