სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით მთავრობების სტრატეგიასა და გეგმებზე. ასევე დადებითად შეფასდა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ის ღონისძიებები რაც ტარდება სტაბილური წინსვლის შესანარჩუნებლად.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას უმასპინძლეს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილემ ბროკ ბიერმანმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა მაიკლ კოზაკმა.

შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის მონაწილეებისთვის საქართველოს საელჩომ უმასპინძლა მიღებას, რომელსაც ასევე დაესწრნენ ვაშინგტონში მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკი-ფულბრაითი გაცვლითი პროგრამის 2018 წლის ქართველი მონაწილეები.