სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის კომენტარი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო სამუშაოებთან დაკავშირებით:

"სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კვლავ განაახლეს უკანონო სამუშაოები. აგრძელებენ ხელოვნური ბარიერების აღმართვას, რაც გამოიწვევს ადგილობრივი მოსახლეობის  წვდომის შეზღუდვას საკუთარ ბაღ-ვენახებზე, სახნავ-სათეს მიწებსა და საძოვრებზე.

მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აამოქმედა ყველა ხელთ არსებული ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას:

7 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი; გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; მინისტრის მოადგილე დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს;

8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. სესიაზე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის დროს არაერთი ჩვენი პარტნიორი გამოეხმაურა ადგილზე რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, ნორვეგია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ესტონეთი, უკრაინა და სხვა ევროპული სახელმწიფოები.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მოქმედებები.
ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად.

14 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. გუშინვე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან: მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან; აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან; რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თავის მხრივ, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შეჩერდეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელში მიმდინარე ეს უკანონო პროცესი.

გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთა კომენტარი და შეშფოთება გამოხატა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების გამო. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს.

საერთაშორისო მხარდაჭერა და ზეწოლა არის ის ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელს გახდის საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შეჩერებას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. იგეგმება ასევე ადგილზე ჩასვლა, რათა საერთაშორისო პარტნიორებმა საკუთარი თვალით იხილონ საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შედეგები.