სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავთან დაკავშირებული სემინარი გაიმართა

18.10.2019 ქ. პრეტორია - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში გაიმართა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავთან დაკავშირებული სემინარი "ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკა: გაკვეთილები აღმოსავლეთ ევროპიდან და აფრიკიდან" ("The EU's Eastern Partnership and European Neighborhood Policy: Lessons from Eastern Europe and Africa"). 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და მთლიანად აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის “საერთაშორისო საქმეთა სამხრეთ აფრიკული ინსტიტუტის”, ასევე, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინის საელჩოების, სამხრეთ აფრიკაში ევროკავშირის დელეგაციის და ფინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის, საელჩოს თანაორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების, ანალიტიკურ-კვლევითი და ბიზნეს წრეების, ასევე, მედიის წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე და იმ სარგებელზე, რაც საქართველომ მიიღო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მოქმედების 10 წლიან პერიოდში. საქართველოს ელჩმა, ასევე, აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე.