კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის საღამო გაიმართა

25.02.2019 კორეის რესპუბლიკა- ქ. სეულში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის საღამო გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
 
საღამოს ფარგლებში მოეწყო ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. 
 
მოწვეულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ეროვნული სამოსის ფოტო გამოფენას და ქართული კომპანიების მიერ, კლასიკურ და თანამედროვე მოტივებზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო საქართველოში დაარსებული კლასიკური ტრადიციული სამოსის კომპანია „ფაფანაკი“-ის ყაბალახები და ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ბრენდის “Blikvanger”-ის კოლექცია.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ კორეაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.
 
ქართული ღვინის საღამოს მიეძღვნა კორეის მაღალტირაჟიან ინგლისურენოვან გაზეთ „The Joongang Daily”-ის სტატია. გაზეთში ასევე გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ვრცელი სტატია ქართული მეღვინეობის ტრადიციების და მისი მსოფლიო აღიარების შესახებ.