სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

30.08.2019 . თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან დელფიმ სანტიაგო დას ნევესთან და სან-ტომე და პრინსიპის საპარლამენტო დელეგაციასთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს და სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის შემდგომი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას, ჩვენს ქვეყნებს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებს და მნიშვნელობას.
 
ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა დაადასტურა სან-ტომე და პრინსიპის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
სტუმართან საუბრისას დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ რთულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე და მადლობა გადაუხადა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.