საქართველო–ფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა

 25.09.2017 ფილიპინები - 25–27 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ალექსიძე  (რეზიდენციით . ჯაკარტა) ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქ მანილას ეწვია, სადაც  საქართველოფილიპინებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საქართველოს ელჩმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ზურაბ ალექსიძემ  მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა სტუმრებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა  და მოეწყო კუთხე, სადაც განთავსდა ქართული ტრადიციული სუვენირები და ტურისტული ბროშურები.  მიღებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო და კერძები. მიღებაზე საგანგებოდ მოწვეულმა აზიისა და ოკეანეთის უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდმა ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა.

მიღება, რომელსაც 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, საქართველოს საპატიო კონსულისა და საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. 

ქ. მანილაში ვიზიტისას გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის გენერალურ დირექტორთან, კლარო კრისტობალთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა ინსტიტუტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახ. დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის თანამშროლობის განვითარების საკითხები. მხარეებმა საზეიმო ვითარებაში გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი ფილიპინების საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტსა და საქართველოს დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის, რომელიც ითვალისწინებს ორი სასწავლო დაწესებულების მიერ ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.

ვიზიტის ფარგლებში,  ასევე  გაიმართა ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილესთან მანუელ ტეჰანკისთან. მხარეებმა განიხილეს საქართველო - ფილიპინების ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და  ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს.