საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში, რომელიც ქ. სტამბოლში გაიმართა.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივ ფორმატს, რომელიც მათი განცხადებით, ტრანსფორმირდა უნიკალურ,   ყოვლისმომცველ, რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმად, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა  სამმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების განსახილველად.
 
ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს, როგორც საქართველოს სანდო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებისათვის მოიტანს ერთობლივ სარგებელს ჩვენი ქვეყნებისათვის. ჩვენს თანამშრომლობას ამჟამად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ მზარდი საფრთხეების ფონზე-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო დაინტერესებულია რეგიონში  მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე როგორც  ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში აზერბაიჯანთან და თურქეთთან  თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
 
„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  საერთო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას. საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მდებარეობენ ენერგო და სატრანსპორტო გზაჯვარედინზე, ეს ქვეყნები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნახშირწყალბადების კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე მიწოდებაში.   
ჩვენ უკვე წარმატებით განვახორციელეთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი ერზრუმის ენერგეტიკული პროექტები. ამავდროულად, დავადასტურეთ მზადყოფნა, რომ განვაახლოთ ძლიერი, კონსოლიდირებული ძალისხმევა სამხრეთ კორიდორისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტების რეალიზაციისთვის, რომელიც  იქნება საკმაოდ კონკურენტუნარიანი მარშრუტი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო, ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, აგრძელებს ისტორიულ ცივილიზაციათა კავშირების უზრუნველყოფის  ფუნქციის შესრულებას.  მან ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქრთველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას „თბილისის ფორუმის“ ჩატარების შესახებ. „მსურს წარმოვადგინო საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა თბილისის ფორუმის დაარსების შესახებ, რომლის მიზანიც იქნება შავი ზღვის რეგიონისა და კავკასიის გარდაქმნა ამჟამინდელი კონფრონტაციის ზონიდან  მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ“-განაცხადა ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე.
 
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა ხელი მოაწერეს სტამბოლის განცხადებას და იმავდროულად შეაფასეს  2017-19 წლების სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის  იმპლემენტაციის პროცესი.
 
მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს  აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანად, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების,   ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ  საერთაშორისო  ნორმების  გათვალისწინებით მოგვარების აუცილებლობას.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და სამშვიდობო ინიციატივების ეფეტური განხორციელებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის აუცილებლობას.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს სამხრივი ფორმატის მასპინძლობისთვის და  თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს, საქართველოს მთავრობის სახელით, მიულოცა რესპუბლიკის 95-ე იუბილე.