საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის EWG-ის მორიგი შეხვედრა გაიმართა

7.03.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 7 მარტს თბილისში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტული მიმართულებები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის განმავლობაში ორმხრივ ფორმატში დაგეგმილი არაერთი ღონისძიება და აქტივობა.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ქმედებები. ამერიკული მხარე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
 
სამუშაო ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული შეუქცევადი კურსის მიმართ, რომელიც მიმართულია საქართველოში ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესების, კერძო სექტორისათვის სერვისების ეფექტიანი მიწოდების, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიული განათლებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.
 
აშშ-ს მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს შრომითი ბაზრის განვითრებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერა, ისევე როგორც ხელი შეუწყოს საქართველოში კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში აშშ-ს როლი და ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სააგენტოების ჩართულობით მიმდინარე პროექტებზე. განხილულ იქნა ინოვაციებისა და მეწარმეობის, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.
 
მხარეები მიესალმნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ამერიკული კომპანიების, Conti Group-ის და SSA Marine-ის ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს რეგიონალური ჰაბის როლისა და ფუნქციის, ისე რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას. ამერიკულმა მხარემ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს წამყვან როლს მსხვილ რეგიონულ ენერგოპროექტებში.

ხაზი გაესვა, რომ ორივე მხარის სურვილია, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაუთანაბრდეს პოლიტიკური თანამშრომლობის არსებულ დონეს. ამ თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მიმდინარე წლის აპრილში, ვაშინგტონში, მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის წარმატებით ჩატარება. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ის შეთანხმებები თუ ინიციატივები, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.