„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს“ - მიხეილ ჯანელიძე

29.04.2017 თბილისი - ​დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-იდან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ფინანსური ასევე პოლიტიკური კუთხით. ეს ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვართ ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ისთვის და  ჩვენის მხრივ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი იმ საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილების პროცესში, რაც ჩვენ გვაერთიანებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ პირობებში, დღეს ქვეყანა ადგას ევტოატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო აგრძელებს მეგობრებთან ერთად ამ გზაზე სვლას. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის. ​