საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ექსპერტთა პირველი შეხვედრები 19-23 აგვისტოს გაიმართება - ლაშა დარსალია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული პრობლემატიკა კვლავ დღის წესრიგშია.
 
 
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა ქ. ბაქოში მიმდინარე წლის 23-24 მაისს.
 
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. გარკვეული შიდა სამუშაოების ჩატარების შემდგომ, მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში დაგეგმილია ექსპერტების პირველი  შეხვედრები. 
 
 
აღნიშნულთან დაკვშირებით, ლაშა დარსალიამ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა,   რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საზღვრის  საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის წყდებოდეს, ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.
 
 
რაც შეეხება დავით-გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, როგორც მინისტრის მოადგილემ  განაცხადა, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად.
 
 
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.
 
ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
 
 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა. „ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
 
 
მინისტრის მოადგილემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურ ნაბიჯებს დგამენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ლაშა დარსალიამ ამ პროცესის მთავარ ხელისშემშლელ გარემოებად ვითარების ხელოვნურად დაძაბვა დაასახელა. „მსგავსი ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მივცეთ ორმხრივ კომისიას ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის  სულისკვეთების შესაბამისად“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.