საქართველო "დანიის ევროპული მოძრაობისგან" ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით გამოცდილებას იზიარებს

10.04.2017, თბილისი - საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან დანიის  ევროპული მოძრაობის დელეგაციის წევრები. ორგანიზაცია საერთაშორისო ევროპული მოძრაობის წევრია და დანიაში ევროპული ფასეულობებისა და ქვეყნის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მხარდამჭერად მიიჩნევა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებას.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დანიის ევროპული მოძრაობის წევრებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის განსავითარებლად შეხვედრები გამართეს სხვადსხვა სამთავრობო უწყებებში. მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პოლიტიკური, ევროინტეგრაციის, ევროპის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობაზე, ამ კუთხით უკვე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან არსებული დიდი მხარდაჭერის მნიშვნელობა.


საუბარი შეეხო ევროპული მიზნების შესასრულებლად პარტნიორების, მათ შორის "დანიის ევროპული მოძრაობის" გამოცდილების გაზიარებას და ორგანიზაციასთან შემდგომ თანამშრომლობას.


ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობას, ასევე  ქართული ღვინის დამზადების პროცესს და ეწვივნენ ცალკეულ მუნიციპალიტეტებს.