საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა

 
31.10.2019 - საქართველო “დემოკრატიათა თანამეგობრობის“ (Community of Democracies) მმართველი საბჭოს 30-წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად საქართველო მიწვეულ იქნა პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელი ქვეყანა.

ორგანიზაციის მიერ საქართველოს მმართველ საბჭოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ  ხელშესახები პროგრესის შედეგია, რაც საქართველომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია, ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში მათ შორის ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში.

„როგორც რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერი და ასევე დემოკრატიული ფასეულობებისა და სტანდარტების მიმართ  ქართველი ხალხის ერთგულების გათვალისწინებით,  საქართველო იქნება მმართველი საბჭოს ღირებული წევრი. მოხარული ვარ მივიღო საქართველო როგორც საბჭოს ახალი წვერი და მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობასთან მუშაობას  მსოფლიოში დემოკრატიის დაცვის და  განმტკიცების საქმეში“- ნათქვამია „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გენერალური მდივანი ტომას გარეტის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, კონსოლიდირებულ ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისა და გაღრმავების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და სხვა.

მმართველი საბჭოს, რომელიც საერთო დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოებს აერთიანებს, წევრობით ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ხელშესახები წვლილი შეიტანოს „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში.

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომლის აქტიურ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე ახორციელებს საქართველო,  პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და ცენტრალურ ადგილის იკავებს მის საქმიანობაში.

„დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში 2019 წლის 28 ოქტომბრიდან 30 წევრი ქვეყანაა - არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კაბო ვერდე, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა,  ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ურუგვაი, ფილიპინები, ფინეთი, შვედეთი, ჩილე და საქართველო.