საქართველო-ესპანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისში ესპანელი ხელოვანის სკულპტურა გაიხსნა

11.07.2017 თბილისი - 2017 წლის 11 ივლისს საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ესპანეთის საელჩოს ორგანიზებით, ესპანელი ხელოვანის კარლოს გარსია ლაოსის სკულპტურის გახსნის ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩი (რეზიდენციით ქ. ანკარა) რაფაელ მენდივილი და საქართველოში ესპანეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვიქტორ მურსია გარსონი.

თავის სიტყვაში ესპანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ და აღნიშნა, რომ ესპანეთს სურს, ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ორივე ქვეყანას მიულოცა საიუბილეო თარიღი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს და ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები მუდმივად ღრმავდება. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს მხარდაჭერისათვის. 

ესპანელი ხელოვანის კარლოს გარსია ლაოსის სკულპტურა, სახელწოდებით „ხელოვნება“, ქ. თბილისის, ვაჟა - ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე არსებულ ბულვარში განთავსდა. ის საერთაშორისო პროექტის, „ევროპის რვა ქალაქის გაერთიანება ხელოვნებით“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში სკულპტურები ევროპის კიდევ 7 ქალაქში დაიდგა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილე 9 ივლისს აღინიშნება.