საქართველო-კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა


23 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდა გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.  ქართული მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, კანადის მხრიდან კი დელეგაციას კანადის საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილე სტეფანი ბეკი  ხელმძღვანელობდა

კონსულტაციებისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი - თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მხარეებმა ისაუბრეს გლობალური და რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე; ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, პოლიტიკური დიალოგისა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.  

ქართულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა კანადის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მუდმივი მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ კანადურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების გამო და მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის”.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. კანადის მხარემ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე წელს დიდი შვიდეულის კანადის თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტებს.

კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნა საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები.
კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა კანადაში კონსტანტინე ქავთარაძემ და კანადის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერმა.

 ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე მიიღებს ინფორმაციას იქ არსებული ვითარების შესახებ. კანადის დელეგაციას მიიღებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. კანადელი სტუმრები ასევე ეწვევიან და გაეცნობიან იუსტიციის სახლის საქმიანობას.