საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი

25.04.2019 კანადა- 25 აპრილს,  ოტავაში ჩატარდა საქართველოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეადგენდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გვარამ ხანდამიშვილი და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ ჯანჯალია.
 
საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი იქნა განხილული სესიაზე, რომელსაც კანადის მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარკ გვოზდეკი. ქართულმა მხარემ კანადურ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. კანადის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერა. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიისა და კარგი მმართველობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პრიორიტეტულ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის საკითხები. აღინიშნა გაერო-ს, ეუთო-ს, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკა და პოზიციათა თანხვედრა რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით.
 
არქტიკის, ევრაზიის და ევროპის საქმეთა გენერალური დირექტორთან, არქტიკის საკითხებში კანადის მთავარ წარმომადგენელთან, ელისონ ლეკლერთან გამართულ სესიაზე განიხილეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების საკითხებს, თანამშრომლობას ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას, ხალხთაშორისი კავშირების ხელშეწყობას და განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. შეჯერებულ იქნა პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ამერიკის კონტინენტის საკითხებში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მაიკლ გრანტთან. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და რეგიონის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე. კანადურმა მხარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართულ დელეგაციას ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით არაერთგზის დაფიქსირებული თანმიმდევრული პოზიციის გამო.
 
ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განხილულ იქნა საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრის მოადგილესთან ჯონ ჰანაფორდთან გამართულ შეხვედრაზე. კანადურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. დასახელდა კონკრეტული სფეროები, სადაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდება ბიზნეს-პროექტების იდენტიფიცირება. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს „უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე“ მიმდინარე მოლაპარაკებები და აღნიშნეს, რომ ხსენებული ხელშეკრულების გაფორმება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისების კარგ შესაძლებლობას შექმნის.