საქართველო ლიტვის ურთიერთობების შესახებ ვილნიუსის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა

ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გაიმართა დისკუსია, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.  დისკუსიაში მონაწილეობა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  ხათუნა სალუქვაძემ მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ხათუნა სალუქვაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე და ამ მიმართულებით ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ასევე ლიტვაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა არნოლდას პრანცკევიჩიუსმა და საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ მარგარიტა შეშელგიტემ.

დისკუსიას სახელწოდებით „Georgian-Lithuanian relations in Political Context of Today`s European Union Politics“ ესწრებოდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტები, ღონისძიებას ასევე შეუერთდნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის სტუდენტები სოციალური ქსელების მეშვეობით. დისკუსიის დასასრულს, შეხვედრამ სიტყვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა.