საქართველო-მექსიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში როჯერ ვონ გუნტენის გამოფენა გაიხსნა

10.08.2017 თბილისი - ​თურქეთში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანაორგანიზებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მექსიკელი მხატვრის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანკარაში მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენლებმა.

საზეიმო ღონისძიებაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ღონისძიებას ხელოვნების სფეროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები დაესწრნენ.  

როჯერ ვონ გუნტენის ნამუშევრების გამოფენას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი 20 სექტემბრამდე უმასპინძლებს.