საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა

15.05.2018 ქ.თბილისი - ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია   ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები,  სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც  ხსენებულ სიაში მოხვდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტავროს ლამბრინიდისმა, ვიცე პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს აქვს შესანიშნავი მიღწევები  ადამიანის უფლებების დაცვის შესრულების კუთხით.  ეს საკითხი, იმ გამოწვევების ჩათვლით რაც კიდევ არსებობს,  სხვებისთვის გასაზიარებლად ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მოხარული ვარ, რომ არსებობს სურვილი კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვამაყობთ საქართველოს პარტნიორობით ამ გარდამავალ ეტაპზე , ადამიანის უფლებების სფეროში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ ყოველდღიურად ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ჩვენ ყველას გვჭირდება.“ -აღნიშნა მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე თავის მხრივ მიესალმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართვლოში ვიზიტს და განაცხადა, რომ ჩვენთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა.

„ადამიანის უფლებების საკითხებში, ევროკავშირთან ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანების უფლებების დაცვა და ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ საქართველოში, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჩავერთოთ ამ ინიციატივაში და გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს ჩვენი პოზიტიური გამოცდილება.  ვაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუტების გაძლიერებას და საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტის დანერგვას საქართვლოში. სწორედ ამ თანამშროლობის  შედეგია ის სურვილი, რომელიც გაჩნდა მრავალმხრივ ფორმატშიც გავაგრძელოთ კონკრეტულად ადამიანის უფლებების კუთხით თანამშრომლობა“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღნიშნული ინიციატივა 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარმოადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას. 

„Good Human Rights Stories” ინიციატივის საფუძველზე, იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანიც იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მოწვეულნი არიან ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია,  კორეა და სხვა.  

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები.

ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე.