საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ვარშავაში ქართველი უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა

20 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა ქართველი უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ, რომელიც ისევე, როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა კულტურული ღონისძიებები, საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 20-ზე მეტი ნამუშევარი. უსინათლო მხატვრის მრავალფეროვანმა შემოქმედებამ, დამთვალიერებელთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.
 
ღონისძიება, რომელიც ადგილობრივმა მედია-საშუალებებმა გააშუქეს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, პოლონეთის უსინათლოთა კავშირის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „მომავალი იწყება დღეს“ ხელშეწყობით, ასევე თბილისის მერიისა და „თიბისი“ ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
 
გამოფენის გახსნაზე სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა ვარშავაში ქართული რესტორანი „თბილისი“.