საქართველო-სლოვენიის პოლიტიკური კონსულტაციები

4.09.2019 ქ. ლუბლიანა-  საქართველოსა და სლოვენიას შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. სლოვენიური მხრიდან კი კონსულტაციები წარმართა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა მატეი მარნმა.

პოლიტიკურ კონსულტაციებზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოსა და სლოვენიას შორის ვაჭრობის გაზრდას, მრეწველობის სხვადასხვა სფეროში მოქმედი სლოვენიური კომპანიებისთვის საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობების გაცნობის გზებს და სხვა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა, ერთი მხრივ, ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, სხვა დიდი სავაჭრო ბაზრის ქვეყნებთან კიდევ უფრო ზრდის საქართველოში ბიზნესის წარმოების მიმზიდველობას დიდი ევროპული კომპანიებისთვის.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო. სლოვენიის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რასაც ის რეგულარულად გამოხატავს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ქართულმა დელეგაციამ სლოვენიის მხარეს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის ცირკულარული მიგრაციის კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივები.

პოლიტიკურმა კონსულტაციებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებიც მოიცვა. სლოვენია ორივე ორგანიზაციის წევრია. შესაბამისად, საქართველოსთვის, ერთი მხრივ, საინტერესოა სლოვენიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია ამ პარტნიორ ქვეყანასთან დიალოგის გაღრმავება საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების აქტუალურ თემებზე. მხარეებმა ამ მხრივ თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზადყოფნა დაადასტურეს.
პოლიტიკური კონსულტაციების პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრები გამართა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, სიმონა ლესკოვართან და სამინისტროს ეკონომიკურ საკითხთა გენერალური დირექტორის მოქმედ ხელმძღვანელთან იზტოკ გრმეკთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლობის სხვა ფორმატების პარალელურად, რეგულარულად მართავს პოლიტიკურ კონსულტაციებს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებებთან ზემოაღნიშნულ და სხვა საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და პოზიციების გაზიარების მიზნით.