საქართველო ვენაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე - “Ferien-Messe Wien”

21.01.2020 ავსტრია - ვენაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Ferien-Messe Wien” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქუთაისის ტურიზმის ცენტრმა და 10-მდე ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ.

გამოფენის ფარგლებში, ევროპის პავილიონში მოეწყო საქართველოს სპეციალური სტენდი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული მეთოდით დაყენებული ქვევრის ღვინოები. საქართველოს სტენდზე სტუმრობისას, სტუმრებს მიესალმა ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა და მათ გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ “Ferien-Messe Wien” ვენაში ყოველწლიურად იმართება და მასში 80-მდე ქვეყანა და 800-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად ასიათასამდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მიზნად ისახავს ქვეყნების ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მათი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას.
წლევანდელ გამოფენას ესწრებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, აგრეთვე, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.