საქართველო ზამთრის კურორტებზე დამსვენებელებს მსოფლიო დონის რეკრეაციულ და გასართობ რესურსებს სთავაზობს - მიხეილ ჯანელიძე

10.02.2017 გუდაური - ​„მთავრობა გასული წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ზამთრის ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ზამთრის კურორტებზე დამსვენებელთა ნაკადი სულ უფრო იზრდება, რადგან ჩვენ მათ უკვე  მსოფლიო დონის რეკრეაციულ და გასართობ რესურსებს ვთავაზობთ. ზამთრის კურორტები საქართველოს მდგრადი განვითარების კომპონენტი ხდება, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობებსა და დამატებით შემოსავლებს თითოეული ქართული ოჯახისთვის. ამასთან, ზამთრის კურორტების განვითარება კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს ტურიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ ისეთ სექტორებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მომსახურება და კომუნიკაცია“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიური სათხილამურო ტურნირის DIPSKI2018 გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. 

ღონისძიება დღეს გუდაურში გაიხსნა, ტურნირში 100-მდე უცხოელმა და ქართველმა დიპლომატმა მიიღო მონაწილეობა.
 
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ვრცლად მიმოიხლა საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალი  და მისი შემდგომი განვითარებისთვის სამთავრობო სტრატეგია. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა სამთო-სათხილამურო კურორტების ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო 6 წლის განმავლობაში თითქმის 400 პროცენტით გაიზარდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია.  მისივე განცხადებით ბოლო წლებში მთავარი სათხილამურო ტრასების მახლობლად 20 ახალი საბაგირო აშენდა, შეიქმნა მოთხილამურე პატრულის დანაყოფი, გუდაურში გაიხსნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, ბაკურიანში დამონტაჟდა სამთო ციგა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, დაინერგა ბევრი სხვა ინოვაცია. იგეგმება ველო-პარკისა და ველო-ბილიკების გაფართოება, მთის მენეჯერთათვის ტრენინგების ჩატარება, თოვლსატკეპნი მანქანების მომსახურე პერსონალისა და მაშველთა გადამზადება, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ბიატლონის ინფრასტრუქტურის პროექტირება, ყინულის ჰოკეის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კობი-გუდაურის, ბაკურიანის და მესტიის გენერალური გეგმის განხორციელება.  

„ზამთრის სპორტის განვითარება და განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სისტემაში მისი ჩართვა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს არცაა გასაკვირი იმ ფონზე, რომ მთებს საქართველოს ტერიტორიის 65-70 პროცენტი უკავია და იქ უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს“- აღნიშნა ჯანელიძემ.
 
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს სურვილზე უმასპინძლოს ზამთრის ოლიპმიადას და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს.  მისი განცხადებით მარტის  დასაწყისში, საქართველოს შესაძლებლობების შესასწავლად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოავლენს ექსპერტთა ჯგუფს.  
 
„მთავრობა შეიმუშავებს სამუშაო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებს. გვჯერა, რომ ეს სავსებით განხორციელებადი გეგმაა, ვინაიდან არსებობს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურის სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების მზაობა. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველომ 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეიტანა.  მოუთმენლად ველით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით, ვინაიდან ეს უზარმაზარი სტიმული იქნებოდა ინფრასტრუქტურის სათანადო დონეზე გასაუმჯობესებლად. ამასთან, ეს ხელს შეუწყობდა ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდობის ჩაბმას“- განაცხადა ჯანელიძემ. 
 
მან ასევე წარმატება უსურვა ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური მედალის მოსაპოვებლად სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიან.   

დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი 2018 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის თანაორგანიზებით გაიმართა. ​