საქართველომ კანადაში გამართული დიდი შვიდეულის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

31.01.2018 კანადა-კანადამ დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, უმასპინძლა გლობალური პარტნიორობის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას.შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციამაც მიიღო საგანგებო დავალებათა ელჩის, ნიკოლოზ რთველიაშვილის ხელმძღვანელობით.

ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღისა და ნივთიერებების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მსვლელობისას, საქართველოს დელეგაციამ წარმოადგინა მოხსენება აღნიშნული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს,რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ქიმიური,ბიოლოგიური,რადიაციული და ბირთვული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.  2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო  აღნიშნული საფრთხეების შემცირების სამოქმედო გეგმა( The National CBRN Threat Reduction Strategy).

ქართულმა მხარემ ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ,რომლებიც  რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებობს.აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და შესაბამისად, იქ  არსებული ვითარება სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს.ქართული მხარის განცხადებით,ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  დაფიქსირებულია ბირთვული ნივთიერებების არაკანონიერი გავრცელების რამდენიმე მცდელობა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს რიგით მესამე “თბილისის საერთაშორისო ფორუმს რეგიონალური სტაბილურობისთვის-ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში“(Tbilisi International Forum for Regional Stability - Nuclear and Radiological Challenges in the Black Sea Region).