საქართველოს ავღანეთის ეკონომიკური გუნდის დელეგაცია ეწვია

05.03.2019 - საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით, თბილისს ავღანეთიდან ეკონომიკური პროფილის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობდა.
 
დელეგაციის ვიზიტი უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრით - Boosting Private Sector Development and Entrepreneurship in Afghanistan“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა, ავღანეთის მხარესთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ მიუხედავად დამოუკიდებლობის გზაზე განვლილი მნიშვნელოვანი სირთულეებისა, სხვადასხვა სფეროებში განხორციელებული რეფორმების გზით ბევრი მიმართულებით მოახერხა წარმატების მიღწევა. მან ხაზი გაუსვა ასევე საქართველოს მზადყოფნას გაუზიაროს ავღანეთის მხარეს საკუთარი გამოცდილება ბიზნესის რეგისტრაციის, ლიცენზირების, გადასახადების ადმინისტრირების, საბაჟო და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სფეროებში.
 
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა ალექსანდრე ხვთისიაშვილის ორმხრივი შეხვედრა ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ზოჰორუდინ შირზადასთან. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო დერეფნების ფარგლებში, მათ შორის ლაპის ლაზულის პროექტის ფარგლებში ორმხრივ და მრავალამხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თაობაზე.
 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე დელეგაციის შეხვედრები და მათთვის პრეზენტაციების გამართვა იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში და „აწარმოე საქართველში“.